ცხოვრება ომის შემდეგ: ოლღას და სტანისლავის ისტორია
24/04/2023 0 ნახვა

 

 

 

 

 

ოლღა და სტანისლავმა 2014 წლის ომის შედეგად  შვილთან ერთად უკრაინის ქალაქი პოპასანი დატოვეს  და საქართველოში ჩამოვიდნენ. მათთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლა და უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება.

 

2022 წლის უკრაინის ომმა ახლიდან გაუღვივა განცდილი ტკივილი და შიში.

 

„სროლების დროს ავტოფარეხის ორმოში ვიმალებოდი. ჩემმა მეუღლემ ორმოში ჩასასვლელად კიბე დაამზადა და ბალიშებით შეავსო ორმო, რომ შედარებით კომფორტულად ვყოფილიყავი. საშინელი შეგრძნება იყო. არც კი მინდა გავიხსენო, როგორი რთული დღეები გამოვიარეთ. მესმოდა განწირული ხალხის კივილი, მათ შორის იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები.

 

 ჩვენი ქალაქი ნელ-ნელა დაიცალა, ყველა გარბოდა თავშესაფრის საძებნელად. თავიდან, ქალაქის დატოვება არ გვინდოდა. ბოლომდე ვცდილობდით ძალების შენარჩუნებას, თუმცა ჩემი მეუღლე ხვდებოდა, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის უშედეგოდ დასრულდებოდა და საბოლოოდ დავტოვეთ ჩვენი სახლ-კარი" - თქვა ოლღამ.

 

მათთვის არც 2022 წლის ომს ჩაუვლია უმტკივნეულოდ. მათ შვილს ომის დროს ქალაქის დატოვება არ უნდოდა, ვინაიდან, ისედაც ბევრი ადგილობრივი გარბოდა სევეროდონეცკიდან. ერთ დღეს  ანდრეის დრონმა ესროლა. მან თავში და ფეხში მძიმე ჭრილობა მიიღო.

 

„ორი თვის განმავლობაში არ გვქონდა ინფორმაცია ჩვენს შვილზე. არ ვიცოდით ცოცხალი იყო თუ მკვდარი. სრულ კოშმარში ვცხოვრობდით. ასეთ რამეს მტერსაც კი არ ვუსურვებ. შემდეგ, როგორც იქნა ახლობელმა გვამცნო მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ჩავაკითხე ლუგანცკში და საქართველოში წამოვიყვანე. ფეხი მოკვეთეს, მოძრაობა არ შეეძლო. ისეთი დასუსტებული იყო ვერც კი ვიცანი" - თქვა ოლღამ.

 

ამჟამად, ოჯახი საქართველოში, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობა მათ დიდ მხარდაჭერას უწევს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

 

„მე და ოლღა პენსიონრები ვართ და ამით ვირჩენთ თავს. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. მეც მარჯვენა ხელი მაქვს პრობლემური, ვერ ვამოძრავებ თითებს და შესაბამისად მუშაობაც მიჭირს. როდესაც ქეა კავკასიის გუნდი გვესტუმრა, ძალიან გაგვიხარდა და  გვესიამოვნა. ვერ წარმოიდგენთ როგორი მნიშვნელოვანია კრიზისის დროს მცირედი დახმარებაც. ქეა ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც დაგვეხმარა, ცხოვრების სტიმული მოგვცა და დაგვანახა, რომ მარტო არ ვართ ამ გასაჭირში" - თქვა სტანისლავმა.

 

 

„ყველაზე მეტად მშვიდობა გვენატრება და ნორმალურ პირობებში ცხოვრება".