ქეა კავკასიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის/უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტებთან დაკავშირებით
07/03/2023 0 ნახვა

 

 

 

 

ქეა კავკასია იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ წუხილს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით და მოსაზრებას, რომ კანონპროექტები შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს, დემოკრატიას და  საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც აღინიშნა, კანონპროექტებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და შეუთავსებელია ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან. ქეა კავკასია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა, რამდენადაც ეს  იქონიებს  გავლენას თითოეული მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობაზე, რესურსებსა და შესაძლებლობებზე.

 

გასული 30 წლის განმავლობაში ქეამ და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ქეამ უპასუხა ყველა ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც კონფლიქტის შედეგად იყო გამოწვეული. ქეას სურს გააგრძელოს მთავრობასთან, კერძო და სამოქალაქო სექტორთან, მედიასთან თანამშრომლობა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. ამ პირობებში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტებმა შეიძლება შეაფერხოს  განვითარებაზე ორიენტირებული და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები შემდეგი გარემოებების გამო:

 

1.    გამოითქვა ლეგიტიმური წუხილი, რომ კანონპროექტები ეწინააღმდეგება  ადამიანის ძირითად უფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას. ჩვენი აზრით, განვითარების პროგრამების საბოლოო მიზანი სწორედ ადამიანის უფლებების რეალიზებაა და ამ უფლებების შეზღუდვა გავლენას იქონიებს ყველა მოქალაქის ღირსებასა და კეთილდღეობაზე.

2.  საქართველოს მთავრობა, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია იღებს მნიშვნელოვან დახმარებას საერთაშორისო დონორებისგან, ფინანსური ინსტიტუტებისა და პარტნიორებისგან. ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები და შეშფოთება. ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესაძლო ცვლილება სერიოზულ გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე.

3.  ტექნიკური და ფინანსური დახმარების შემცირება სამოქალაქო საზოგადოებისთვის ასევე დიდ გავლენას მოახდენს ზოგადად განვითარების პროგრამებსა და სოციალურ სერვისებზე, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ. ის ასევე  ზიანს მოუტანს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს. საბოლოო ჯამში, კანონპროექტის ეკონომიკური შედეგები ქვეყნის ყველაზე ღარიბ და მოწყვლად მოქალაქეებს დააზარალებს.

4.   დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის შემცირება ასევე დააკნინებს საქართველოს და ქართული სამოქალაქო საზოგადოების, როგორც ნეიტრალური აქტორის და მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების გადაწყვეტისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ეს საბოლოოდ აისახება საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობაზე და ხალხის კეთილდღეობაზე.

5.  კანონპროექტებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობას მთავრობასთან. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს აქვთ სახელმწიფოსთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება განვითარების და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების პროცესში. კანონპროექტებმა შესაძლებელია წარმოშვას წინააღმდეგობა ამ ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის და რისკის ქვეშ დააყენოს პარტნიორობა.

6.  კანონპროექტებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასა  და კერძო სექტორს შორის. კერძო სექტორმა უკვე გამოთქვა შეშფოთება, რომ კანონპროექტი გავლენას იქონიებს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსა და ეკონომიკაზე. შედეგად შესაძლებელია შემცირდეს კერძო სექტორის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ფილანტროპიის მიმართულებით. უფრო მეტიც, კანონპროექტებმა შეიძლება წარმოშვას უარყოფითი დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ და შეარყიოს წლების განმავლობაში ნაშენები ნდობა, რაც ხელს შეუშლის ამ ორ სექტორს შორის გამოცდილების გაზიარებას, ალტერნატიული დაფინანსების მოპოვებასა და შეამცირებს სამოქალაქო საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობას.

7.   კანონპროექტები რეპუტაციულ ზიანს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებას და შეარყევს საზოგადოების ნდობას. ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება გამოიწვევს სექტორის სტიგმატიზირებას და მტრული დამოკიდებულების გაღვივებას, როგორც ორგანიზაციების, ასევე მათი თანამშრომლების მიმართ.

8.  ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უკვე ავლენენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს, რამდენადაც ვარეგისტირებთ ყველა საერთაშორისო გრანტს და ვატარებთ რეგულარულ აუდიტს. ინფორმაციას  ფინანსებისა და პროგრამების შესახებ ვაწვდით საგადასახადო ორგანოებსა და სხვა შესაბამის უწყებებს.   საჯაროდ ვაქვეყნებთ ყოველწლიურ ანგარიშებს განხორციელებული პროგრამების შესახებ  და დავნერგეთ ანგარიშგების  მექანიზმები სამიზნე თემების ინფორმირების მიზნით.

ქეა კავკასიას სურს გააგრძელოს შეუფერხებელი მუშაობა ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად: სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად საქართველოსა და რეგიონში. კანონპროექტების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გავლენა საბოლოოდ იმოქმედებს ღარიბი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებაზე და შეაფერხებს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ქეა კავკასია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მისცეს ხმა ინიცირებულ კანონპროექტებს.