ჯანსაღი სასკოლო გარემო ჯანსაღი მომავალი თაობების აღსაზრდელად
31/10/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

„ძალიან მოხარული ვარ პირადად მე და განსაკუთრებით ჩვენი მოსწავლეები, რომ bp საქართველოს დახმარებით შევძელით სკოლის სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია და ყველაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და დანერგვას", ამბობს რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნათია მაზანიშვილი

 

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, თითქმის 2 წლის განმავლობაში სკოლებს დისტანციურ რეჟიმში მოუწია სასწავლო პროცესის გადატანა, რაც ყველაზე ნეგატიურად სპორტის გაკვეთილების ონლაინ სივრცეში ჩატარებაზე აისახა და მოსწავლეების მხრიდან ენთუზიაზმიც შენელდა. თუმცა 2022 სასწავლო წლიდან, საგაკვეთილო პროცესი უკვე საკლასო ოთახებში დაბრუნდა. სამწუხაროდ ყველა საჯარო სკოლას ჯერ კიდევ არ აქვს გამართული ინფრასტრუქტურა ბავშვების ფიზიკური აქტივობის ხელშესაწყობად.  bp საქართველოს დახმარებით, პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" მეშვიდე ფაზის (CDI-7) ფარგლებში რუსთავის 28-ე საჯარო სკოლამ,  კონკურსის შედეგად გრანტი მოიპოვა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი  მოეგვარებინა.

 

„ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროებების კვლევას ვატარებთ. ვსწავლობთ საზოგადოების აზრს, ბავშვების საჭიროებებს, ვაკვირდებით მათ ქცევას. სწორედ ამ ტიპის კვლევამ ცხადყო, რომ სპორტული აქტივობა და გამართული სპორტული დარბაზის არსებობა სკოლისათვის სასიცოცხლოდ საჭირო და პრიორიტეტული იყო. ფიზიკური გარემო სკოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და სკოლას გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში ეხმარება", აღნიშნავს ნათია მაზანიშვილი.

 

სკოლას ახლა უკვე აქვს თანამედროვე სპორტული დარბაზი, რომელიც ყველა მოსწავლის საყვარელი თავშეყრის ადგილია. ამ სასიამოვნო სიახლემ კი ბავშვების მხრიდან ფიზკულტურის გაკვეთილების მიმართ ენთუზიაზმი მნიშვნელოვნად გაზარდა. 

 

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის მეგობრობა bp საქართველოსთან მრავალ წელს ითვლის. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა 2015-2017  წლებში, როდესაც პროექტის სხვადასხვა ფაზის ფარგლებში აქტიურად ჩავატარეთ სკოლის შიდა სარემონტო სამუშაოები, ინვენტარით აღვჭურვეთ საკლასო ოთახები, წელს კი დაგვემატა ძალიან საჭირო სპორტული აქტივობის სივრცეც, რაც ჩვენ გვაძლევს დამატებით საშუალებას კიდევ მეტად ჯანსაღი, კომფორტული და საინტერესო გარემო შევთავაზოთ მომავალ თაობებს", ამბობს ნათია მაზანიშვილი.

 

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა  და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია".