ახალგაზრდები სხვადასხვა რეგიონებიდან გვიყვებიან ისტორიებს - ნელიკოს ისტორია
16/02/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

14 წლის ნელიკო ღამბარაშვილი კაზრეთში ცხოვრობს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ბავშვობიდან დიზაინერობაზე ოცნებობს.

 

ნელიკოსთვის, ისევე როგორც სხვა კაზრეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მარტივი არ არის იმ დაბროკოლებებთან ბრძოლა, რომელიც ახალგაზრდებსა და უფროს თაობას შორის ჩნდება. „უფროსების დამოკიდებულება არაფორმალურ განათლებასთან ძალიან მაწუხებს. ჩემი მშობლები ყოველთვის მიწყობენ ხელს, რომ  მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა სკოლის გარეთ აქტივობებში, თუმცა კაზრეთში ყველა მშობელი ასეთი არ არის.  გარდა ამისა, ხანდახან ახალგაზრდები და უფრო თაობა ერთამენთს ვერ ვუგებთ, რადგან გარკვეული საკითხები და სურვილები, რაც ახალგაზრდებს უნდათ, უფროსი თაობისთვის მიუღებელია."

 

ნელიკოს ასევე აწუხებს იმ რესურსებისა და შესაძლებლობების არსებობა, რომლებიც გააერთიანებს და გააქტიურებს ახალგაზრდებს. „არ გვაქვს საკმარისი ადგილები, სადაც შეიძლება ახალგაზრდები გავერთოთ და უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ერთმანეთთან."

 

ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობამ, ნელიკოს ცხოვრება მეტად გაამრავალფეროვნა და განავითარა. „ბევრი რამ ვისწავლე და გამოცდილებაც მივიღე. როდესაც შეხვედრებს ვესწრები, მიღებულ ინფორმაციას სახლში კიდევ ერთხელ ვაანალიზებ და ვფიქრობ, როგორ შემიძლია ჩემი ცოდნით შევცვალო სხვისი ცხოვრებაც - ამიტომ, ამ ყველაფერს ვუყვები ჩემს ძმას, მეგობრებს. ვცდილობ მათაც დაველაპარაკო, ვისთვისაც არაფორმალური განათლება არ არის პრიორიტეტი და მოვუყვე, თუ რას მაძლევს პროექტში მონაწილეობა."

 

პროექტმა ნელიკოს არა მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება შესძინა, არამედ ახალი ურთიერთობებიც. „სხვა ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით სამოქმედო გეგმებზე და ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. უკვე ახალი მეგობრები მყავს და ჩვენ, ყველა ერთად ვცდილობთ ძალიან კარგი ნაბიჯები გადავდგათ კაზრეთისთვის. მაგალითად, ვმუშაობთ კაზრეთში ახალგაზრდული სივრცის შექმნაზე და ამის შესახებ, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა გავაცნოთ ჩვენი იდეები."

 

კაზრეთის მოსახლეობა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებსაც მოიცავს. მათთვის ჩვენი მხარდაჭერა და შესაძლებლობებზე წვდომა მნიშვნელოვანია. „როცა პატარა ვიყავი, მეგონა მხოლოდ ქართველი მეგობრები მეყოლებოდა, თუმცა, რაც გავიზარდე თანასწორობის მნიშვნელობას უფრო და უფრო ვიაზრებ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართული ენა იციან, მაინც ხშირად ხალხთან კომუნიკაციაში შესვლას ერიდებიან. ვფიქრობ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, მეტ ურთიერთობას, ჩართულობას და კომუნიკაციას ერთმანეთს შორის."

 

ნელიკოს დიდი სურვილია, ახალგაზრდები ბევრად მოტივირებულები იყვნენ და ჰქონდეთ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა. „მგონია, რომ ცვლილებებზე მუშაობა პატარა ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ადამიანში. ძალიან მინდა, კაზრეთის მოსახლეობა უფრო მეგობრული და კომუნიკაბელური იყოს. ასევე, მეტი გასართობი ცენტრები და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი გვქონდეს დაბაში."

 

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.