პროგრამის მიმოხილვა


 


ქეა საერთაშორისოს კავკასიის რეგიონში მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გააჩნია და ამ პერიოდის განმავლობაში განახორციელა მრავალი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდა სოციალურად დაუცველი, ღარიბი მოსახლეობის დახმარებას.



ტრადიციულად, ქეა საერთაშორისო კავკასიაში დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარული და განვითარების ხასიათის პროექტებზე იყო ორიენტირებული, რომელთა განხორციელება ხდებოდა უშუალოდ ქეას ან პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.



2009 წლიდან ქეამ შეცვალა მიდგომა და ამჯერად ძირითადი აქცენტი კეთდება სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაზე და სოციალურ საწარმოებში ინვესტირებაზე. ქეა მუშაობს იმ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ვისაც გააჩნიათ ინოვაციური იდეები და ბიზნეს წინადადებები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საზოგადოებაში სასურველი ცვლილებების მოხდენა, სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სოციალური თანასწორობის მიღწევა.



როგორ მოქმედებს მოდელი:


პირველ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ იდეებს, რომლებიც სოციალური უსამართლობის აღმოფხვრას ისახავენ მიზნად. სოციალურ მეწარმეებს საშუალება აქვთ პირდაპირ შემოიტანონ ასეთი იდეები ვებ-გვერდის მეშვეობით. დამატებით, ქეა საერთაშორისო კავკასიაში იდეების მოძიებას უშუალოდ სამიზნე მოსახლეობასთან პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით ახდენს, რაშიც იდეების მაძიებლები გვეხმარებიან.


მეორე ეტაპზე ხდება მოძიებული იდეების გაფილტვრა და შერჩევა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. ამ პროცესის გავლის შემდეგ, საბოლოოდ ხდება საუკეთესო იდეების გამოკვეთა, რომლებსაც გააჩნიათ სოციალური უსამართლობის შემცირების ან აღმოფხვრის პოტენციალი.


მესამე ეტაპი უკვე შერჩეული იდეების ინვესტიციების გზით დაფინანსებას ეხება. საბოლოოდ შერჩეული იდეების რეალიზების მიზნით ქეა პოულობს გარეშე ინვესტორებს, ვისთვისაც აღნიშნული იდეა საინტერესო და მისაღებია ან პირდაპირ ახორციელებს ინვესტიციას.


ამავდროულად, ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებს ადვოკატირებას სამთავრობო დონეზე, რათა მოხდეს სოციალური მეწარმეებისთვის ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრა ან შემცირება. გარდა ამისა, ჩვენ კონსულტაციას ვთავაზობთ სოციალურ უსამართლობასთან ბრძოლაში ჩართულ სხვა ორგანიზაციებსაც, რათა გავზარდოთ მათი ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობები.


გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ.