ქალები ოჯახის გაძლიერებისთვის - ნანა აბულაძისა და მაია ბუნტურის ისტორია
04/02/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

ნანა აბულაძე და მაია ბუნტური, მეწარმე ქალები, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

 

„ახმეტაში აქტიური და მოტივირებული ქალები ცხოვრობენ. ისინი ზრუნავენ თავიანთი ოჯახების კეთილდღეობაზე და  ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად. სამწუხაროდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქალაქში და სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის არ არსებობს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც მათ დასაქმებას, განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობენ ხელს.

 

მე და მაიას საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს საცხობის სფეროში და ყოველთვის გვინდოდა პატარა ბიზნესი დაგვეწყო, რომელიც შემოსავლის თვალსაზრისით ბევრად დაგვეხმარებოდა და ამასთანავე, სხვა ადგილობრივი ქალების მხარდაჭერასაც შევძლებდით. საქმიანობის დასაწყებად ფართი გამოვყავით სახლში, რათა ქირის ხარჯი არ გვქონოდა და მეტი მოგება დაგვრჩენოდა. იქიდან გამომდინარე, რომ საცხობის გარდა სხვა უამრავი საქმე გვაქვს , მათ შორის ოჯახზე ზრუნვა, სოფლის მეურნეობის საქმეები და ა.შ, საკმარისი დრო არ გვქონდა, წარმოება გაგვეზარდა და მეტი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი მომსახურება. საბედნიეროდ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და საცხობისთვის შესაბამისი ინვენტარი შევიძინეთ. პროექტის დახმარებით შრომა ბევრად გაგვიმარტივდა და ამასთანავე, დროც საკმარისად გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებს, და ახალ, ნატურალურ და მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ მათ: სხვადასხვა სახის ცომეული, კერძები, სალათები, ნამცხვრები და ა.შ. ძირითადად, შეკვეთებს ვიღებთ როგორც ინდივიდუალური პირებისგან, ასევე ორგანიზაციებისგანაც. ბევრი შეკვეთის დროს, რამოდენიმე ადგილობრივ ქალსაც ვასაქმებთ. პანდემიის პირობებში, თავდაპირველად რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, თუმცა მალევე მოვახდინეთ ადაპტირება და დისტანციური გაყიდვები დავიწყეთ. მომხმარებელს კი უფასო მიტანის სერვისს ვთავაზობთ.

 

მომავალში, საქმიანობის გაფართოვებისთვის ეზოს შესაბამისად მოწყობა გვინდა სხვადასხვა პატარა ღონისძიებებისთვის, ძირითადად კი ბავშვთა გასართობი სივრცისთვის. ამიტომ, დამატებითი ფინანსები გვჭირდება საჭირო ინვენტარის და სხვადასხვა ანიმაციური გმირების ტანსაცმლის შეძენისთვის. ვიმედოვნებთ, ჩვენი საცხობის ბიზნესი წარმატებით განვითარდება და პანდემია რომ დამთავრდება, მომავლის გეგმების განხორციელებაც შეგვეძლება.

 

ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალი იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი, რათა შეძლოს თავისი სურვილების ასრულება და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის დახმარებით, ახმეტაში მცხოვრები ქალების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. მათ საკუთარი საქმიანობის განვითარების შესაძლებლობა მიეცათ და ამასთანავე, სხვა ადგილობრივი ქალების დასაქმების საშუალებაც".

 

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია(CARE).