ქეა კავკასიის განცხადება "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით
24/04/2024 0 ნახვა

 

 

ქეა კავკასია (CARE Caucasus) იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ წუხილს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მეტწილად იმეორებს, გასულ წელს, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს. ვემხრობით  მოსაზრებას, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს, დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც აღინიშნა, კანონპროექტმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და შეუთავსებელია ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან. ქეა კავკასია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლარამდენადაც ეს იქონიებს გავლენას თითოეული მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობაზე, რესურსებსა და შესაძლებლობებზე წვდომაზე.


გასული 30 წლის განმავლობაშიქეამ” (CARE) და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ქეამ უპასუხა ყველა ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც რომელიც დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე საქართველოში განვითარებულ შეიარაღებულ კონფლიქტების ან ბუნებრივი კატასტროფების შედეგად იყო გამოწვეული ქეას სურს გააგრძელოს მთავრობასთან, კერძო და სამოქალაქო სექტორთან, მედიასთან თანამშრომლობა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. ამ პირობებში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა     შეიძლება     შეაფერხოს განვითარებაზე ორიენტირებული და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები შემდეგი გარემოებების გამო:

 

1.     გამოითქვა ლეგიტიმური წუხილი, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას. ჩვენი აზრით, დონორების მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული დახმარების და განვითარების პროგრამების საბოლოო მიზანი სწორედ ადამიანის უფლებების რეალიზებაა და ამ უფლებების შეზღუდვა გავლენას იქონიებს ყველა მოქალაქის ღირსებასა და კეთილდღეობაზე.

2.     საქართველოს მთავრობა, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია იღებს მნიშვნელოვან დახმარებას საერთაშორისო დონორებისგან, ფინანსური ინსტიტუტებისა და პარტნიორებისგან. ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები და შეშფოთება ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესაძლო ცვლილება სერიოზულ გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყანაში თავისუფალი მედიის ფუნქციონირებაზე.

3.     კანონი ამოქმედების შემთხვევაში, სავარაუდოდ შემცირდება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი დაფინანსება უცხოური დახმარების მიმწოდებლების მხრიდან. ტექნიკური და ფინანსური დახმარების შემცირება სამოქალაქო საზოგადოებისთვის ასევე დიდ გავლენას მოახდენს ზოგადად განვითარების პროგრამებსა და სოციალურ სერვისებზე, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ. ესასევე ზიანს მოუტანს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს. საბოლოო ჯამში, კანონპროექტის ეკონომიკური შედეგები ქვეყნის ყველაზე ღარიბ და მოწყვლად მოქალაქეებს დააზარალებს.

4.     დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის შემცირება ასევე დააკნინებს საქართველოს და ქართული სამოქალაქო საზოგადოების, როგორც ნეიტრალური აქტორის და მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების გადაწყვეტისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ეს საბოლოოდ აისახება საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობაზე და ხალხის კეთილდღეობაზე.

5.     ხელახლა ინიცირებულმა კანონპროექტმა  შესაძლოა ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობას მთავრობასთან. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მათ შორისქეა კავკასიას”, აქვთ სახელმწიფოსთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება განვითარების და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების პროცესში. კანონპროექტმა შესაძლებელია წარმოშვას წინააღმდეგობა ამ ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის და  რისკის ქვეშ დააყენოს პარტნიორობა.

6.     კანონპროექტმა შესაძლოა ხელი შეუშალოს თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის. შედეგად შესაძლებელია შემცირდეს კერძო სექტორის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორატიული ფილანტროპიის მიმართულებით.

7.     კანონპროექტი გააღრმავებს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და შეარყევს საზოგადოების ნდობას.  უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის იარლიყის მიწებება გამოიწვევს სექტორის რეპუტაციულ ზიანს და მტრული დამოკიდებულების გაღვივებას, როგორც ორგანიზაციების, ასევე მათი თანამშრომლების მიმართ.

8.     კანონპროექტი დაასუსტებს და მძიმე ტვირთად დააწვება მედია ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონალურ და მცირე ზომის მედია ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოების ინფორმირებას და განათლებას, ცნობიერების ამაღლებას და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას. მედია მნიშვნელოვანი მოკავშირეა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის როგორიცაა „ქეა კავკასიისდა უდიდესი წვლილი შეასრულა როგორც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შემცირების, ისევე სხვა მრავალი დახმარების პროგრამის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ გააგრძელოს საზოგადოების სამსახური შეუფერხებლად.

9.     ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უკვე ავლენენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს, რამდენადაც ვარეგისტირებთ ყველა საერთაშორისო გრანტს, რომელთაც რეგულარულად უტარდება სხვადასხვა სახის აუდიტი.  ინფორმაციას ფინანსებისა და პროგრამების შესახებ ვაწვდით საქართველოს საგადასახადო ორგანოებსა და სხვა შესაბამის უწყებებს. საჯაროდ ვაქვეყნებთ ინფორმაციას განხორციელებული პროგრამების შესახებ და სამიზნე თემების ინფორმირებისთვის  ანგარიშგების მექანიზმები დავნერგეთ. გამჭვირვალობის აღნიშნული პრაქტიკები თუ არ არის საკმარისი, მისი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა შესაძლებელია უკვე არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით ან სამოქალაქო საზოგადოებისთვის მისაღები სხვა ფორმით.

 

ქეა კავკასიას სურს გააგრძელოს შეუფერხებელი მუშაობა ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად: სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად საქართველოსა და რეგიონში. კანონპროექტის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გავლენა საბოლოოდ იმოქმედებს ღარიბი მოსახლეობის, სოციალურად დაუცველი და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებაზე და შეაფერხებს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.

 

 

ამ გარემოებების გათვალისწინებით,ქეა კავკასია მოუწოდებს საქართველოს  პარლამენტს არ მიიღოს ინიცირებულ კანონპროექტი.