ახალგაზრდების ხმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - საბას ისტორია
14/04/2024 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

გაიცანით 15 წლის საბა, წალენჯიხის ახალგაზრდული კლუბის ლიდერი.

 

საბა ხელოვანია, ძალიან უყვარს ცხოველების ხატვა და დაინტერესებულია ქართული კალიგრაფიით. ამასთან ერთად, საბა აქტიურად არის ჩართული არაფორმალურ განათლებაში. ამ კუთხით, უკვე, არაერთი ინიციატივა განახორციელა, ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. საბა ფიქრობს, რომ აქტიური მონაწილეობა ბევრად ავითარებს მის აზროვნებასა და შეხედულებებს. YV4BF პროექტშიც სწორედ ამ მიზეზით ჩაერთო. ახლა კი, წალენჯიხის ახალგაზრდული კლუბის ლიდერადაც აირჩიეს.

 

„ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მზად ვარ ყველანაირი გამოწვევისთვის. მჯერა ჩემი კლუბის თითოეული წევრის და ვიცი, რომ ერთად კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეებს გავაკეთებთ."

 

„სხვა ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამ პროექტსა და ახალგაზრდებს სულ სხვანაირი ენერგია აქვთ. ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ. თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, რომელსაც ყოველ შეხვედრაზე ვიყენებთ. თუ საჭიროა, ჯანსაღად ვაკრიტიკებთ ხოლმე ერთმანეთს და ამით, ხელს ვუწყობთ ერთმანეთის განვითარებას."

 

„ახალგაზრდებს უდიდესი წვლილი შეაქვთ პრობლემების გადაჭრაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხმაც ისმოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში."

 

არაფორმალური განათლების საშუალებით, საბას ბევრად უადვილდება არსებულ გამოწვევებზე საუბარი და გადაწყვეტილებების ძიება. თითოეულ მის ქმედებაში, ყოველთვის იგრძნობა ხელოვნების მიმართ სულისკვეთება, მას სურს განახორციელოს პროექტი „ვირტუალური მოგზაურობა აფხაზეთში." ინიციატივის ფარგლებში, კულტურის, პოეზიის, კულინარიისა და ფოტოების დახმარებით, ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს აფხაზეთს.

 

"მშვიდობის დამყარება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტად გავაძლიერებთ კავშირებსა და დავამარცხებთ სტერეოტიპებს, მით უფრო შევუწყობთ ხელს ბედნიერ და ნათელ მომავალს."

 

ყველაზე მთავარი, რაც საბას შთააგონებს, არის მისი რწმენა ახალგაზრდობის ძალაში. მას კარგად ესმის, რომ ასაკი არ ზღუდავს ადამიანის უნარს, შევცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.