ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ქეა ავსტრიის ორგანიზებით გაიმართა თემატური დისკუსია ტერიტორიული ბრენდირების შესახებ
03/09/2021 0 ნახვა

 

 

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ENPARD პროგრამის ფარგლებში,  ქეა ავსტრიის ორგანიზებით გაიმართა პირველი თემატური დისკუსია: "ტერიტორიული ბრენდირება-მთიან რეგიონებში ადგილობრივი განვითარების გასაძლიერებლად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ქსელური მუშაობის საშუალებით".

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო განეხილა  LEADER მიდგომისა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობა, უპასუხოს  რეგიონისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს ადგილობრივ პოტენციალსა და რესურსებზე კონცენტრირებით. დისკუსიის ფარგლებში განიხილებოდა მთიანი რეგიონების ბრენდირების საერთაშორისო გამოცდილება ადგილობრივი აქტორების ჩართულობით, მისი თეორიული ასპექტები, გამოწვევები და მიღებული შედეგები.

შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთშორისო და ადგილობრივმა პარტნიორებმა, მათ შორის იყვნენ: სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფედერალური ინსიტიტუტი (ავსტრია), ევრომონტანა-მთიანი რეგიონების ევროპული ასოციაცია (ავსტრია), ბიოჰერბი (გერმანია). შეხვედრას ესწრებოდა ENPARD პროგრამის წარმომადგენელი ევროკავშირის დელეგაციიდან,  საქართველოში ENPARD პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლები და  არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ქეა ავსტრიის პროექტის მენეჯერი, ლევან დადიანი, რომელმაც  მონაწილეებს შეხვედრის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები გააცნო, რის შემდეგაც საერთშორისო პარტნიორებმა მონაწილეებს გააცნეს ტერიტორიული ბრენდირების კონცეფცია და გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და წარმატების მაგალითები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე განიხილეს  ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის პოტენციალი. საქართველოს სოფლის მეურნობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს სოფლის განვითარების მხარდაჭერაზე, შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე.

შეხვედრის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ENPARD პროგრამის სხვადასხვა განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ტერიტორიული ბრენდირების მნიშვნელობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის, ისაუბრეს რეგიონულ კონტექსტზე და სპეციფიურ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა ქართველი მომხმარებლისთვის სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვდრები ტერიტორიული ბრენდირების საკითხზე მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტი „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა" ევროკავშირის ENPARD პროგრამისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ხორციელდება ქეა ავსტრიისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში. ევროპულ მიდგომაზე დაყრდნობით, პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.